სტაფილოსფერი ბაილი

სტაფილოსფერი ბაილი

четверг, 25 марта 2010 г.

პუდელი

წარმომავლობა. თავდაპირველად ეს ფრანგული ჯიში იხვებზე სანადიროდ გამოიყენებოდა, საიდანაც მიიღო მისი ფრანგული დასახელება ზედმეტსახელიდან “chien a cane” ან “canichon”. “პუდელი” – ეს არის “Pudelhund”-ის შემოკლება, თავად ამ სიტყვას გააჩნია ძველგერმანული ფესვები: “pudeln” – “ტყაპუნი წყალზე” და “bund” – “ძაღლი”. ბიუფონის მოწმობით, პუდელი წარმოშობილია აფრიკიდან, კერძოდ კი – ჩრდილოაფრიკული ბარბესაგან, რომელიც არაბებმა პირენეის კუნძულზე ჩამოიყვანეს, სადაც, როგორც ჩანს, იგი პორტუგალიურ წყლის ძაღლთან შეჯვარდა. ესპანეთიდან პუდელის ჯიში სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში. თავდაპირველად პუდელებს იყენებდნენ წყალზე მცურავ ფრინველზე სანადიროდ, ლუდოვიკო XVI-ის დროს პუდელები არისტოკრატებს ჰყავდათ, ლუდოვიკო XV-ის დროს ისინი ოთახის ძაღლები გახდნენ, ლუდოვიკო XVI-ის დროს კი გაჩნდა პუდელის ჯიშის მინიატურული ფორმა. სიმაღლის მიხედვით განასხვავებენ პუდელთა 4 ნაირსახეობას, მაგრამ მათგან ყველაზე დიდები განდევნეს პატარებმა (ჯუჯა და თოი-პუდელი). ყველაზე დიდ აყვავებას ჯიშმა XIX და XX საუკუნეებში მიაღწია. უნივერსალური ძაღლი, რომელიც მშვენივრად ეგუება ცხოვრების ნებისმიერ სტილს (მონადირე, საცირკო მსახიობი, ოჯახის მეგობარი), გახდა ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯიში. სამწუხაროდ, პუბლიკის მიერ ასეთმა მოწონებამ გამოიწვია პუდელის ჯიშის ხარისხის გაუარესება. ამ მიზეზით პუდელების პოტენციურმა მფლობელებმა ძაღლის არჩევას სიფრთხილით უნდა მიუდგნენ.

ჯიშის დახასიათება. პუდელი ენერგიული, ძლიერი, მხიარული, ძალიან ფხიზელი და გამგები, ასევე მეგობრული ძაღლია და ცხოვრებისაგან იღებს სიამოვნებას. პუდელთა ერთგულება ლეგენდებშია შესული, მაგრამ მათ მესაკუთრული ინსტინქტების გამოვლენაც შეუძლიათ. ეს სახლისათვის ერთ-ერთი საუკუეთესო ჯიშია. ამავე დროს, პუდელი ინარჩუნებს წინაპართა მონადირულ თვისებებს: ფლობს შესანიშნავ ალღოს, ცურვის უნარს. თუ პუდელი არ ისწავლის დამჯერად ყოფნას, მაშინ იგი მფლობელს საკმაოდ ბევრ უსიამოვნებას მოუტანს. პუდელი კომპანიონი ძაღლია.

აღწერა. პუდელის თავი მოგრძოა, თავის ქალა – ოდნავ ამობურცული, გამოხატული კეფის ბექით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრი არაა. ცხვირის ზურგი სწორია, ტუჩები მშრალია, მჭიდროდ მიკრობილი, ცხვირის ფერი ეხამება შეფერილობის ტონს. თვალები ნუშისებრი ფორმისაა, დასმულია ოდნავ ირიბად. მათი ფერია შავიდან ან მუქი თაფლისფერიდან ქარვისფერამდე, შეფერილობის შესაბამისად. ამ ჯიშის ყურები გრძელია, აღწევს კბილების კუთხეებს, ისინი დაბლა დასმულია და დაფარულია ტალღოვანი, ძალიან გრძელი ბეწვით. კორპუსი ოდნავ მოგრძოა, კისერი – ძლიერი, ლამაზად მოღუნული ჯიდაოთი. მკერდი ღრმაა (ჩამოშვებულია იდაყვებამდე), ზურგი – მოკლე, სწორი, არ უნდა იყოს არც ამობურცული და არც ჩაზნექილი. წელი ძლიერი და კუნთოვანია, გავა – ოდნავ მომრგვალო, მუცელი – აწეული, კიდურები – კუნთოვანი, ძლიერი ჩონჩხით. თათები პატარაა, ოვალური, ბრჭყალების ფერი დამოკიდებულია შეფერილობაზე. კუდი დასმულია მაღლა, მოძრაობაში იგი აწეულია ზედა ნაწილის ხაზს ზემოთ. ხუჭუჭა ბეწვის მქონე ძაღლების კუდს კუპირებენ ½ ან 1/3-ით. შნურებიანი ბეწვის მქონე ძაღლების კუდს ტოვებენ უცვლელად. ხუჭუჭა ბეწვი ძალიან ხშირი, თხელი, მკვრივი და ხვეულაა; შეხებისას უხეშია და წარმოქმნის ხვეულებს მთელ სხეულზე. შნურებიანი ბეწვი გრძელი, ხშირი, თხელი, ხუჭუჭაა, იხვევა ერთნაირი სიგრძის შნურებში. მათი სიგრძე არა ნაკლებ 20 სმ-ისაა. შეფერილობა: შავი, თეთრი, ყავისფერი, ნაცრისფერი და გარგარისფერი. ყავისფერი, ნაცრისფერი და გარგარისფერი უნდა იყოს სუფთა, ნარევის გარეშე. სიმაღლე მინდაოში: დიდი – 45-60 სმ; საშუალო – 35-45 სმ; ჯუჯა – 28-35 ს; თოი-პუდელი – 28 სმ-ზე ნაკლები. წონა: დიდი – 22 კგ-მდე; საშუალო – 12 კგ-მდე; ჯუჯა – 7 კგ-მდე; თოი-პუდელი – 7 კგ-ზე ნაკლები.

ყოლა და მოვლა. პუდელი ერთნაირად კარგად ცხოვრობს როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი ვერ იტანს მარტოობას, ძალიან სუფთაა. საჭიროა მისი ყოველდღიური ვარცხნა და კვირაში 1-2-ჯერ დაბანვა, ასევე ყურების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და თვეში 1-2-ჯერ გაკრეჭა. არსებობს გაკრეჭის რამდენიმე სხვადასხვა ტიპი: კონტინენტალური (“ლომი”), “სპორტული” (თმის შეკრეჭა ხდება ერთნაირ სიგრძეზე მთელ სხეულზე), “ინგლისური უნაგირი” (მანჟეტებით) და “ლეკვი” (კონტინენტალური გრძელი ნიფხავით). პუდელს ბეწვი არ სცვივა.

Комментариев нет:

Отправить комментарий